,,ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები, ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავიანთი გზისა და მომავლის განსაზღვრა”- მოლდოვის პრემიერი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

ამასთან, ნატალია გავრილიცას განმარტებით, საქართველოსა და მოლდოვას აქვთ საერთო მისწრაფებები ევროინტეგრაციის გზაზე.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის წინაშე დგას ამ უსამართლო ომის შედეგად. დეტალები, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ქვეყნებზე, განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ, განსაზღვრონ თავიანთი გზა, მომავალი და საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფებები ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ნატალია გავრილიცამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მსგავსი თემები