გარყვნილი ქმედება სკოლის მოსწავლეების მიმართ – მასწავლებელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასწავლებლის ადვოკატის განცხადებით, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა. მისივე თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რადგან მისმა მე-6 კლასელმა შვილმა განუცხადა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სკოლა.

51 წლის მასწავლებელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები