ვინ არის სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი – მედიაში დაკავების კადრები ვრცელდება

თურქულ მედიაში, სტამბოლის ცენტრში, ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრები ვრცელდება. დაკავებული სირიის მოქალაქე აჰლამ ალბაშირია.

არსებული ინფორმაციით, შემოწმდა უსაფრთხოების 1200 კამერა, რომლებმაც დააფიქსირა ქალი, რომელმაც ქალაქის ცენტრში ასაფეთქებელი ჩანთით დატოვა. სამართალდამცველებმა შეისწავლეს მისი მარშრუტები შემთხვევის ადგილისკენ. სპეცოპერაცია 21 მისამართზე ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი 46 ეჭვმიტანილი.

მედიის ცნობით, დაკითხვისას მან აღიარა,  ქურთისტანის მუშათა პარტიასთან [PKK] თანამშრომლობა და თქვა, რომ აფეთქება სწორედ PKK-მა განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

მსგავსი თემები