დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ყალბი 5 000 დოლარი გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები.

,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები