„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც”- როგორ მოკლა ყოფილმა პოლიციელმა მშობლები

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.

ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული  აღნიშნავს, რომ მამასთან ურთიერთობა  ბანკიდან სესხი აღების შემდეგ დაეძაბა.

„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ბრალდებული.

ყოფილი პოლიციელის თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.

„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც, დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა…ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, – აცხადებს ბეროზაშვილი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების – ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

მსგავსი თემები