,,დანაშაულის ჩადენა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება”- გვარამიას საქმის პროკურორი

ტელეკომპანია”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის განცხადებით,  ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ იაშვილის მიმართ არ ეთანხმება და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩადენა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენების ორ ფაქტზე, კერძოდ, პირველი გახლავთ, 2015 წელს „რუსთავი 2“-სთვის 6 მილიონ 700 ათასი ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი იყო დანაშაული და შეაფასა მისი ქმედება, როგორც საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. მას სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეხება მეორე ეპიზოდს, ეს გახლავთ ე.წ. ავტომობილების ეპიზოდი. 2019 წელს ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფინანსური რესურსის გამოყენებით მისთვის და ოჯახის წევრებისთვის შეიძინა 250 ათას ლარად ღირებული ავტომობილი, რითაც ბუნებრივია, „რუსთავი 2“-ს ფინანსური ზიანი მიადგა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ეპიზოდში სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის როგორც მტკიცებულებები, ასევე სამართლებრივი არგუმენტაცია და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებას, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ნიკა გვარამიას მიმართ და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება კახაბერ დამენიას, აღნიშნული პიროვნება, ისევე, როგორც ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ „რუსთავის 2“-სთვის 6 მილიონ 700 ათასი ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე და მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 50 ათასი ლარის ჯარიმა.

რაც შეხება ზურაბ იაშვილს, მის მიმართ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება და დანაშაული, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას და სამივე ხსენებულ პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები