16 – 17 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის“ მხარდაჭერით, კაჭრეთში, გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა და GIZ-ის სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა.
შეხვედრაზე გაიმართება კომიტეტის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა შედგება სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა მიმართულებებზე, კერძოდ: კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. საკონტროლო ფუნქციაზე, კომიტეტის გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებზე.
კომიტეტის წევრები თემატურ მომხსენებლებს განსაზღვრავენ და მოსაზრებებს გაცვლიან სხვადასხვა სამინისტროს საპარლამენტო მდივნებთან.
იურიდიული საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმას გააცნობს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტსა და დონორ ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვა მოხდება.
„ორი დღის განმავლობაში წარვმართავთ კომიტეტის სამუშაო შეხვედრას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის ფინანსური მხარდაჭერით. ვიმსჯელებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში როგორი დატვირთვით იმუშავებს კომიტეტი, იქნება ეს საკანონმდებლო თვალსაზრისით, იქნება ეს კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია, ასევე ღიაობა, გამჭვირვალობა, მედიასთან ურთიერთობა და ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არსებობს კომიტეტში. ამით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალყური მიადევნონ რა თანმიმდევრობით მუშაობს კომიტეტი და რა საკითხებს განიხილავს 2019-2020 წლებში, როგორია მისი საკანონმდებლო დატვირთვა, როგორია კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ანგარიშვალდებული ვიყოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრებს გააცნობენ, თუ რა აქვთ დაგეგმილი შესაბამის უწყებებს პარლამეტში შემოიტანონ განსახილველად,
„აქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება, ასევე თავდაცვის კოდექსის შემუშავება და სხვა პროექტები. ასევე, ვიმსჯელებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია კომიტეტისთვის. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის პროცედურა. მზად ვართ ვიმსჯელოთ, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციურობის სტანდარტს და აბარებს თუ არა ის კონსტიტუციურობის ტესტს, არის თუ არა ეს სამართლიანი და დავგეგმოთ მომდევნო კვირის განმავლობაში, როგორც ვიმუშაოთ ჩვენ ამ კანონპროექტზე“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტს 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის მიმართაც კომიტეტი არის ადეკვატური და მას ამუშავებს შესაბამისი პროცედურების დაცვით. დღეს, სწორედ საუბარი გვექნება სამოქმედო გეგმაზე. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი და კიდევ არაერთი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შემოვა როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე პარლამენტართა ინიციატივით. აღნიშნული კანონპროექტები განხილული იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, რის შემდეგაც მოხდება მათი პლენარულ სხდომებზე გატანა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.