დედის დღის უჩვეულო საჩუქარი – 14ათასიანი ტენდერი და დედების ავტორბოლა

თბილისში, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, დედის დღესთან დაკავშირებით ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის გამართვა გადაწყვიტა. ღონისძიების ორგანიზებისთვის 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

​რალი სტარტს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და მონაწილეებმა 1000 კვ.მეტრის ტრასა მინიმალურ დროში უნდა გაიარონ.

როგორც ​სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ავტორბოლის მიზანია მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლება.

ღონისძიების გამართვამდე მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 მართვის მოწმობის მქონე ქალი უნდა შეირჩეს, რომლებიც საკვალიფიკაციო ვარჯიშებს გაივლიან. ერთდღიანი ავტო რბოლისთვის მრავლ შვილიანი დედები თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 8 მარტს შეიკრიბებიან.

“მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი. მას წინ გაუძღვება 12-კაციანი ორკესტრი. შეჯიბრი გულისხმობს არანაკლებ 1000 კვ.მეტრის ტრასის მინიმალურ დროში გავლას. მონაწილე პროფესიონალ მძღოლებს შეარჩევს მიმწოდებელი, ხოლო მონაწილე მრავალშვილიან დედებს შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი”, – წერია სატენდერო პირობებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მთაწმინდაზე მცხოვრებ ქალებს 2-ზე მეტი შვილი უნდა ჰყავდეთ. თუ გამგეობა ასეთ ჯგუფს შეკრებს, ღონისძიების დღეს დედები პროფესიონალ პილოტებთან ერთად მიიღებენ სიმბოლურ შეჯიბრებაში მონაწილეობას. შეჯიბრების შემდეგ 3 გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო 15 მონაწილე პარფიუმერული მაღაზიის ვაუჩერით დასაჩუქრდება.

“ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემა საჩუქრები – პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერები. მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა” – ითხოვს მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

ტენდერი 14 თებერვალს დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი ერთადერთმა პრეტედენტმა – “საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ” გამოთქვა.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები