პროკურორი: მოწმე უშუალოდ და პირდაპირ ამხელს ერეკლე კოდუას

  •  

სპეცდანიშნულების რაზმის ქვადანაყოფის ყოფილმა უფროსმა დავით დათაშვილმა, რომელიც, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დაკითხეს, განაცხადა, რომ უშუალო ბრძანება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუასგან მოდიოდა. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი.

მთავარი მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ თავისუფლების მოედანსა და რიყეზე აქციის დარბევის შემდეგ, მოვლენათა ეპიცენტრმა ტელეკომპანია „იმედში“ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კოდუა იყო.

მოწმის განცხადებით, „იმედის“ აპარატურის დაზიანებისა და სიგნალის გათიშვის შესახებ, ბრძანება კოდუამ გასცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო იმედის არაერთმა თანამშრომელმა.

ერეკლე კოდუას ადვოკატის მტკიცებით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება არასანდოა, რადგან ამ მოწმეს იდენტური ჩვენება წარსულშიც აქვს მიცემული, კოდუას კი ბრალი რამდენიმე თვის წინ წარუდგინეს.

საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძისთვის კი გაუგებარია, რატომ  აქვს დამატებითი კითხვები კოდუას ინტერესების დამცველს, რადგან მთავარი მოწმე ბრძანების გამცემად სწორედ ერეკლე კოდუას ასახელებს.

„მოწმემ დეტალურად გაიხსენა, რომ უშუალოდ ერეკლე კოდუას ბრძანების საფუძველზე შეიჭრნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ტელეკომპანია „იმედში“, გამოიყვანეს ჟურნალისტები და ტელევიზიის სიგნალი გათიშეს. ამის შემდეგ უშუალოდ კოდუამ გასცა ბრძანება, რომ გაენადგურებინათ ტელეკომპანიის სპეციალური აპარატურა. ეს მოწმე უშუალოდ და პირდაპირ ამხელს ერეკლე კოდუას“, – აცხადებს საქმის პროკურორი.  

სპეცდანიშნულების რაზმის ქვადანაყოფის ყოფილი უფროსი დავით დათაშვილი საქალაქო სასამართლოში დღეს დაკითხეს.

მსგავსი თემები