,,ამერიკა ოფიციალურ დონეზე საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება,”- ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსურ დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის.

მისივე თქმით, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

„გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ – მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორ ამ სანქციების სამიზნე. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, ერთის მხრივ, როგორ აღასრულო სანქციები და როგორ გააკონტროლო ის ფაქტი, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავიდან არიდება. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია. პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ საგანგებოდ ინფორმაცია, რადგან საფრთხე გვაქვს, რომ არ დასანქცირდეს ქვეყანა, პორტი ანუ საზღვაო გზით არ დავსანქცირდეთ და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები ამ ქვეყანაში. ასევე, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და აქედან მე-16 პუნქტი საუბრობს იმაზე, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სანქცირებულ რუს პირთან, მიხეილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს “ბორჯომს”, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი, 49,9%-ს ფლობს „ბორჯომში“, რაც ასევე საყურადღებოა და რაზეც ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები