„სირცხვილია“ შეცდომებს აცნობიერებს და ბოდიშს იხდის

ორგანიზაცია „სირცხვილია“ რომელმაც პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დააორგანიზა, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.  როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, მოძრაობის წევრები აცნობიერებენ შეცდომებს, რის გამოც ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის აქციის მონაწილეებთან მიტანა.

„3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე?

კამპანია “შინ, ევროპისკენ” მაისის მიწურულს დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა.

ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შეძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დავაწესეთ პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა.

ჩვენ ახლაც ვრჩებით მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგულნი, მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, ვერ შეძლეს, მხარდამჭერებამდე სამოქმედო გეგმა გასაგებად მიეტანათ.

„ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა. გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები