„ვინც ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უკრაინას სტატუსი წახალისების მიზნით, ავანსად მისცეს.
,,რეალურია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გასცა ევროპულმა კომისიამ, მაგრამ ეს არარეალურია “ქართული ოცნების” პირობებში, რადგან მათ არ სურთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, დეოლიგარქიზაციას მით უმეტეს, ვერ განახორციელებს ოლიგარქი, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, ოპოზიცია გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომლითაც ხელისუფლებას ერთობლივ სამუშაო ფორმატებს შევთავაზებთ. რაც შეეხება იმ სისულელეს ან მიზანმიმართულ მავნებლობას, რომ საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რადგან ომი არ დავიწყეთ, ამაზე აშშ – ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის 100 პროცენტით რუსული ნარატივი ვინც ასე საუბრობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იქნებიან, თუ ხელისუფლების გარეთ ე.წ. ექსპერტები, ვინც ამას ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის თქმით, ერთი აქციით წარმატება ვერ მიიღწევა და საჭიროა, რამდენიმე აქციის ჩატარება.