თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, საერთო საცხოვრებლის მშენებლობას  და ფინალური გამოცდების ფორმატის შეცვლას ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში განთავსებულიყვნენ, თუმცა ამ დრომდე საერთო საცხოვრებლები ცარიელია.

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას.

„სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. აღმოჩნდა, რომ მძიმე ფონის მიუხედავად, მსურველების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც ველოდით. საერთო საცხოვრებლებში – მათ შორის ლისის საერთო საცხოვრებელში, რომელიც ახალი აშენებულია, ადგილები დღემდე თავისუფალია. თუ რომელიმე სტუდენტს რეგიონული საგამოცდო ცენტრების ამოქმედების მიუხედავად, დამატებით რაიმე კონკრეტული გარემოება შეუქმნის დაბრკოლებას დასწრებით ფორმატში გამოცდაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ეს შესაძლებლობები თითოეული სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

მსგავსი თემები