,,არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება”- დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ამის შესახებ მარკ კლეიტონმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვა, აქვს თუ არა ბრიტანულ დაზვერვას უკრაინის მსგავსი ინფორმაცია, იმის შესახებ თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

„პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კლეიტონის განმარტებით, საქართველოს უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

„მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად.

ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება. მაგალითად, VTB ბანკი, სანქციების შესაბამისად, რამდენიმე დღეში დაიხურა. „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფინანსური სანქციები უზრუნველყონ.

და ბოლოს, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობასა და სანქცირებული საქონლის შეზღუდვებს, ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენს საბაჟო სამსახურთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს გაჟონვა და ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ომისთვის პუტინისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებას. როგორც ვხედავ, საქართველო თავის როლს ასრულებს ამის დაცვაში და რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა საქართველო არ გახდეს სანქციებისგან თავის არიდების ადგილი“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

მსგავსი თემები