„აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში“ – ირაკლი კობახიძე

„აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან „ნაციონალების“ ერთ-ერთ მოკავშირედ უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკის გარმოცვის ერთ-ერთი წევრი, აფხაზეთიდან დევნილი დავთ არახამია დაასახელა.

„დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ.

სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას“ – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დავით არახამია გაგზავნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე ბელორუსის საზღვართან.

მსგავსი თემები