უკრაინის ელჩის გაწვევა მმართველი გუნდისთვის ალოგიკური და გაუმართლებელია

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე, მმართველი გუნდი გაუმართლებელს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი და ასეთ შემთხვევაში, საქარველოდან ელჩის გაწვევა ალოგიკურად მიაჩნია.

„კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.

ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე – ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ელჩის გაწვევის მეორე მიზეზიც ალოგიკურია.

„თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვ. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი.

ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს“ – აღნიშნა მან.

მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს. მისი შეფასებით, ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ.

 

მსგავსი თემები