საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში.

მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვსდასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ რეზოლუციას შეიმუშავებს. საგარეო ურთიერობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლიზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ რეზოლუციაზე უკვე მუშაობს, რომელიც ნატო-ს ეხება და უკვე დაგზავნილია ყველა ფრაქციაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შემუშავებას კოორდინირებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს. შალვა პაპუაშვილმა პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა. „მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და ჩავერთო ამ პროცესში“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს.

მსგავსი თემები