მე ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი, რას ნიშნავს, სააკაშვილის გუნდიდან ხარ? – ნინო ანანიაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

​როგორც ნინო ანანიაშვილი წერს, მისთვის მიუღებელია ხელოვნების სფეროს მოღვაწეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და განმარტავს, რომ სამშობლოში, მხოლოდ კეთილი მიზნებით დაბრუნდა, როგორც თავისი სფეროს პროფესიონალი.

“ერთხელ მკითხეს, – “თქვენ სააკაშვილის გუნდიდან ხართ?” რას ნიშნავს ეს?
მე
ბრეჟნევის დროსაც ვცეკვავდი. იმიტომ, არ მივსულვარ ბალეტში, რომ სააკაშვილმა დამიძახა. ბალეტში მანამდე დიდი ხნით ადრე შევედი. საჭირო ვიყავი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში და ამიტომ დავბრუნდი. რითიც შემიძლია ვეხმარები მას, მაგრამ ვიყავი და ვარ ნინო ანანიაშვილი”, – წერს პრიმაბალერინა სოციალურ ქსელში.

ნინო ანანიაშვილის თბილისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა ​ხელოვნების სფეროში პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც პრიმაბალერინას მეუღლემ, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, არჩევნებში დამარცხების შემდეგ მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, პიროვნულად ანანიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ანანიაშვილი – ვაშაძის ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების გამო თბილისის ოპერის დასის წევრები პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ოპერაში დიდი ხანია გამეფებულია ნეპოტიზმი და მისი კარი, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის დაკეტილია.

“ოპერაში, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული ვითარებაა შექმნილი. ნინო ანანიაშვილის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ყველა კულტურული დაწესებულება უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკისა და პოლიტიკური გავლენისგან. როდესაც შენი ოჯახის წევრი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს, ძალიან უხერხულია დარჩე ასეთ თანამდებობაზე. დასის წევრებს ეშინიათ, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო არ დაითხოვონ სამსახურიდან”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დონის ქართველი ბალეტინა ნინო ანანაშვილი, თბილისის ოპერის თეატრს 2004 წლიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ხელმძღვანელობს.

მსგავსი თემები