„გამოძიებას არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება, რომ ეს იყო  უბედური შემთხვევა“ – ლომჯარია დევნილის თვითმკვლელობაზე

თბილისში, ზღვის უბანში, სანატორიუმ „ქართლში“ აფხაზეთიდან დევნილის თვითმკვლელობის ფაქტზე სახალხო დამცველი კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ  გამოძიებამ დასკვნის გაკეთება იჩქარა.

„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა,  კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მით უმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველი მზადაა, დევნილებსა და შესაბამის სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

„ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი თემები