“გვსურს შევქმნათ ორი მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი”, – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურვილი დიდია საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნისა. მისი თქმით, ათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

„რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას, ამის თაობაზე გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ კომპანიასთან Rothschild-თან. ახლა მინდა ეკონომიკის მინისტრს დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მოამზადოს და წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს. ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები, რომლის შექმნა-განვითარება ჩვენი ვარაუდით ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე, ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ-ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო, საბოლოო მიზანი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ორი ფინანსური ცენტრის შექმნა იგეგმება, რომლებიც ქვეყნის გამორჩეული, საქმიანი ცენტრები გახდებიან.

“გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, თბილისის ზღვასთან 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე უკვე აქტიური მუშაობა დავიწყეთ. აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ, რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები