წინასწარი მონაცემებით, შანაე ბრუკის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

შანაე ბრუკის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ.

ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს.

წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ცნობისთვის, ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი თემები