“არჩევნები ახლოვდება, იმატებს ცილისწამება” – კახა კალაძე

  •  

თბილისის მერის განცხადებით, ეპიდვითარების გამო დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებულ ფორმატში ტარდება და მას გამგებლები და ჟურნალისტები არ ესწრებიან. კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აქტუალური თემები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე და განაცხადა. რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულადაა დაცული, მიუღებელია ქალაქის იერსახის დამახინჯება სხვადასხვა წარწერით თუ პლაკატით და ამ კანონდარღვევაზე თბილისის მთავრობას შესაბამისი რეაგირება ექნება.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში თბილისში გავრცელებულ პლაკატებზე, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული და კატეგორიულად უარყო ამ ფაქტთან რაიმე კავშირი.

“რაში სჭირდება კახა კალაძეს აგრესია, ძალადობა და ქაოსი, მე და ჩემ გუნდს ამ მეთოდებით არ გვიბრძოლია. მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემ გუნდს ნდობა  გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი პიარიც და იარაღიც ოპონენტებთან ურთიერთობისას.

ის სიცრუე და ცილისწამება რაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას, ზოგადად ჩვენს ქალაქს და თრგუნავს საზოგადოებას, იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას. მე მესმის, რომ როცა არჩევნები ახლოვდება, ეს არაა პირველი შემთხვევა, იმატებს ცილისწამება. მე მინდა ვთხოვო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ქალაქზე, არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას და ძალადობას აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს და როგორც გვჩვევია. დეზინფორმაციას დავუპირისპირებთ სიმართლეს და განვითარების პერსპექტივას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები