ზუგდიდის ცენტრში ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

სავარაუდოდ, უხვი ნალექის გამო, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებში არავინ იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.

ასევე, უხვი ნალექის შედეგად ჭითაწყარში, თბილისის ქუჩაზე, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სავარგულები. ადგილობრივები წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებენ.

ამ დროისთვის, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიგა მელიას ინფორმაციით, შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ითვლიან ზარალს. 

წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ასევე ხობის მუნიციპალიტეტში.
ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დროებით დაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია. 

მსგავსი თემები