ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც მეუფე შიოს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარებას შეეხო. ასევე, ისაუბრეს ზოგადად,  ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის პროცესებზე.

მინისტრის განმარტებით, სააგენტოს დაგეგმილი აქვს და ავითარებს კიდეც ბავშვთა ზრუნვის სხვადასხვა სერვისსაც.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა ბავშვთა სახლებთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვსაზღვროთ. განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდეს. ბავშვების ინტერესები სრულად უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, ბავშვების გადაყვანა მცირე ზომის ბავშვთა სახლებსა და საკუთარ ოჯახებში. ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ  ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობაც იგეგმება.

მსგავსი თემები