მცხეთა-მთიანეთში კენკროვანი კულტურების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სახელმწიფო კენკროვანი კულტურების გასაშენებლად დააფინანსებს. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, პროექტს „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი დაემატა.

დაფინანსდება:, შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

ქვეკომპონენტით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირებმა, ისე საქართველოში რეგისტრირებულმა, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებმა.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სამმართველოს.

. : 595 858 389 ან 595 85 83 00

დეტალები იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/a9675

მსგავსი თემები