საყოველთაო ინტერნეტიზაცია მთელ საქართველოში გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელს დასრულდება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე მან გურიაში ისაუბრა.

„ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10 500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11 000 ადამიანი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით,  სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი.

„მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმაზომიერად ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 26 დასახლებული პუნქტი და 10 700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები – ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7 700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ეს იქნება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები – 11 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას“, –  განაცხადა თურნავამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე.

მსგავსი თემები