ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოსთვის, მადლობას გადავუხდი პარლამენტის ბიუროს წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხი წლის წინ ერთად განვვლეთ ის გზა, რომელმაც შედეგად მოგვცა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი ამბიციური მიზანი და ამოცანაა საბოლოოდ გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მე მჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გვაახლოებს ამ მიზნამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

„თავისუფლების საპარლამენტო ორდენთან ერთად“, ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ფულადი ჯილდოც გადაეცა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

მსგავსი თემები