ოპოზიცია მმართველ ძალასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

„ოპოზიცია მზადაა, პოლიტიკური პროცესის დეესკალაციას ხელი შეუწყოს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია ლიეტუველ დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ და მმართველ გუნდსაც იგივეს მოუწოდებს.      

„მადლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელი ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მაშინ, როცა ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება. ვითარება, როცა პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება, ამ დროს, როცა დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეესკალაცია მოხდეს ვითარების, ეს რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია“ – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილი იყო, სიტუაცია აქამდე არ მისულიყო.

“ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი. მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით. იმედს ვიტოვებთ, რომ  ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა დიალოგი დიალოგისთვის“, – განაცხადა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები