სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ტესტირება, პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან მოხდება

იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, პირველ ეტაპზე, დასაქმებულთა ტესტირება სახელმწიფო სუბსიდირებით მოხდება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ტესტირებაზე მონიტორინგი მკაცრად გაკონტროლდება.

“შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ. აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია. ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.  

მისვე თქმით, მონიტორინგი ყველა იმ სკოლასაც ეხება, რომელიც უკვე გაიხსნა.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს განათლების სამინისტროსთან, ჩართულია რესურს ცენტრები. რაიმე კრიტიკული სახის დარღვევა სკოლების გახსნის დღიდან არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნა მან.  

მსგავსი თემები