რუსულ ხორბალს ვერ შევცვლით – „გაძვირების მიუხედავად, ის, ფასით ჩვენთვის მისაღებია“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

15 თებერვლიდან რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების დაწესებას გეგმავს, ასევე, იზრდება საბაჟო ტარიფები, რაც ქვეყანაში შემოტანილ ხორბლის ფასზე მნიშვნელოვნად აისახება.  ვინაიდან რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია, ხორბალზე გაზრდილი ფასები, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელზეც აისახება.

ხორბლის გაძვირებასა და პურის ფასის მერყეობაზე “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრა.

„დღეს. ხორბლის ახალი პარტიის შემოთავაზება 270 დოლარია, როდესაც სექტემბერში 200 დოლარი იყო. ეს სერიოზული გაძვირებაა და თუ საექსპორტო ბაჟის გაორმაგებას ჩავთვლით, გაძვირების ეფექტით ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 300 დოლარი იქნება. 15 თებერვლიდან რუსეთი აწესებს კვოტირებას, ეს არის დაახლოებით 17 მლნ ტონის ფარგლებში. ანუ იმ ქვეყნების გარდა, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, ვინც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, ის გადაიხდის კვოტირების ფარგლებში ბაჟს 25 ევროს ოდენობით ერთ ტონაზე. ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ ორი თვის წინ და ვრცელდება ახალი მოსავლის აღებამდე, ანუ 2021 წლის პირველ ივლისამდე. თუმცა დღესდღეობით რუსეთის მთავრობაში მიდის მსჯელობა იმაზე, რომ საექსპორტო საბაჟო გადასახადი გადაიხედოს და 50 ევრომდე გაიზარდოს. ამან უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბირჟებზე სერიოზული რყევები“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იქნება.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, განიხილავს თუ არა საქართველო ხორბლის ალტერნატიულ ბაზარს, სილაგავამ შემდეგი პასუხი გაგვცა: “

ყაზახეთის ხორბალი ჩვენთვის დღეს-დღეობით ძვირია. რუსული ხორბალი, მიუხედავად გაძვირებისა, თავისი ფასით მსოფლიოში ძალიან დაბალ ფასად ითვლება. რუსეთი მსოფლიოში 138 ქვეყანას ამარაგებს. შესაბამისად, ეს ქვეყნებიც ყველა ყიდულობს იმ ხორბალს, რომელიც არის ყველაზე კონკურენტუნარიანი და ეს არის რუსეთი. ტრანსპორტირებაც აძვირებს ხორბალს და რადგან რუსეთი ტერიტორიულად ჩვენ ყველაზე ახლო მეზობელია, რუსული ხორბალი, მიუხედავად გაძვირებისა, დღეს ფასით ჩვენთვის ყველაზე მისაღებია“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მსგავსი თემები