ბოლო სამ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

მისივე თქმით, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი 200 ათასს აჭარბებს.

„დღევანდელი მონაცემით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 22 ნახევარი მილიონი. სამწუხაროდ, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაიდენობამ. ასევე, დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით მატება აღინიშნება ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე, უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებში – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუ თურქეთი. ასევე, მატების თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა უკრაინასა და ბელარუსში.

რომ შევაჯამოთ გლობალური და რეგიონალური ეპიდსიტუაცია, მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, უცილებლად გასათავლისწინებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

„დილის 9:00 საათისთვის გვაქვს ათი ახალი შემთხვევა. მათგან ორი მიეკუთვნება ლენჯერის კლასტერს, ანუ სვანეთის მუნიციპალიტეტს. ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხუთი გახლავთ იმპორტირებული, ძირითადად საკარანტინო სივრცეებში იდენტიფიცირებული. აქედან, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე ჩაღრმავებულო ეპიდკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, გვაქვს 1. 20 პროცენტი. სამწუხაროდ, ქვეყანაში 17 არის  გარდაცვლილი. კარგია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს მონაცემი არ იცვლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ღინისძიებებს, გამყრელიძის განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყურადღებას იქცევდა მესტიის მუნიციპალიტეტი.

„ლენჯერის თემში გვქონდა რამდენიმე ათეული დადასტურებული შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავიდა 12 დღე კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის. ამიტომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მინდინარეობს აქტიური, განმეორებით „პისიარ“ ტესტირება კარანტინში მყოფ ადამიანთა, ასევე თვითიზოლაციაში მყოფ პირთა, აგრეთვე განმეორებითი ტესტირება თვითონ ლენჯერის თემში მყოფი მოსახლეობის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 1216 პირი გამოიკვლიეს.

„აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი – 56. კარანტინს იცავდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც, ასეთი 75 პირი იქნა გამოკვლეული, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და დაბა მესტიის სავადმყოფოს 46 თანამშრომელი.

უპირატესად ინფექცია კონცენტრირებული იყო მესტიის მუნიცილაპიტეტის ლენჯერის თემში. განმეორებითი კვლევებისას ჩვენ თვითონ ლენჯერში კიდევ შვიდი ახალი შემთხვევის, ხოლო ზოგადად ლენჯერთან დაკავშირებული, ასევე ზემო სვანეთს გარეთ, ერთად 11 შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდაა გადაყვანილი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სივრცეებს ტოვებენ პირები, რომლებსაც საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტესტირებით ინფექცია არ უდასტურდებათ.

„მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინში მყოფი 571 ადამიანი, რომლებსაც ვადა გაუვიდათ, უარყოფითი პასუხის გამო მესტიას, საკარანტინო სივრცეებს ტოვებენ. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა საკარანტინო სივრცეში. კარანტინის რეჟიმი სხვადასხვა იყო სხვადასხვა ადამიანებისთვის და მოსახლეობისთვის. ის დაახლოებით, 27 აგვისტოსთვის მთავრდება.

ადამიანები განმეორებით იტესტებიან და დარწმუნებული ვარ, იქ ინფექცია არ გვექნება. ორი ახალი შემთხვევა გვაქვს ლენჯერთან დაკავშირებული უკვე ლენტეხის მუნიციპალიტეტში. გუშინ, ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, იქაც საკმაოდ ინტენსიური მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 126-მდე ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, რომელიც ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. პასუხები დღეს გვექნება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები