ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა 98 %-მა მარიხუანის მოწევით დაიწყო – დეკანოზი დავით ქვლივიძე

  •  

დეკანოზი დავით ქვლივიძე მარიხუანის ლეგალიზების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა 98 %-მა სწორედ მარიხუანის მოწევით დაიწყო.

როგორც მამაო დავით ქვლივიძემ მედიაცენტრ “მთვარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ის ძალიან კარგად იცნობს ადამიანების ამ კატეგორიას და აცხადებს, რომ მარიხუანის მომხმარებელთა ბოლო არის “მეტადონის პროგრამა” და ბოლოს ნაადრევი სიკვდილი.
იგი ურჩევს მედიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ ნარკოდამოკიდებული და მარიხუანის მომხმარებელი ადამიანების ოჯახის წევრების მდგომარეობით, რა გაუსაძლის პირობებში უწევთ მათ ცხოვრება ასეთი ოჯახის წევრების გვერდით.

“ჩემს ახალგაზრდობაში ქართველ ბიჭებს ცოლები აზერბაიჯანში გადაჰყავდათ და წამლის ბარიგებს აბარებდნენ, რომ წამალი აეღოთ. ცოლებს აჩვევდნენ ნარკოტიკის მოხმარებას, ხმა რომ არ ამოეღოთ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მარიხუანით დამთავრდება ყველაფერი. დღეს ვინც ინექციურ ნარკოტიკს მოიხმარს, 98% -მა მოწევით დაიწყო. ამით იწეყებენ, მერე ეს აღარ ყოფნით, გადადიან ნემსზე და ბოლოს ე.წ. მეტადონის პროგრამაში შედიან. ასეთი საზოგადოება თუ გეყოლება ქვეყანაში, მისი მართვა ძალიან ადვილი. ესენი არაფერზე პრეტენზიას არ გამოთქვამენ. ერთხელ გამოიყვანეთ ტელეეთერით მორფინისტების ყოფილი ცოლები, ოჯახის წევრები, არც ერთი ნორმალური ქალი მათთან არ ჩერდება. მოაყოლეთ რა დღეები აქვთ გადატანილი. ბავშვის უკანასკნელ ლუკმას რომ აძლევენ წამალში”, – აცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე.

​მისივე მოსაზრებით, ​თავისუფლება არ ნიშნავს მარიხუანის თავისუფლად მოხმარებას, თავისუფლება საკუთარ თავზე, ვნებებზე ბატონობას ნიშნავს. “ვინც თავის ვნებებს თოკავს ის არის თავისუფალი, ამ ქვემდებას კი ჰქვია  ვნებების მონობა. ნარკომანი არ არის თავისუფალი ადამიანი, წამლის გამო ის კაცურ ღირსებასაც დათმობს.  ამ ხალხს უნდა შველა”, – აცხადებს სასულიერო პირი.

სასულიერო პირმა ქართველ მეფეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არასწორია საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრება, თითქოს ქართველი მეფეები თრიაქით თვრებოდნენ.

” როცა ამბობენ ქართველი მეფეები თრიაქს ეწეოდნენო, არის ტყუილი. რამდენიმე მეფეა საქართველოს ისტორიაში ვინც ამას აკეთებდა და ყველა იყო ან რჯულგადასული, ამ მის ხელში ქვეყანა იყო გაუბედურებული. სიმონ მეფე, რომელსაც ერქვა “სიმონ ხელი” ისეთი შეუპოვარი იყო, რომ ყიზილბაშებმა როცა დაიჭირეს, ჩასვეს ციხეში და ნარკოტიკს მიაჩვიეს, ამით დასრულდა მისი წინააღმდეგობა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩაკლა ერში სულიერი ღირებულებები”, – აცხადებს დეკანოზი.

მისი თქმით, ​​ნარკოტიკის მომხმარებლის შრომის წარმადობა არის ძალიან დაბალი, მან უნდა იცოდეს, რომ არის საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი და აეკრძალოს საზოგადოებრივად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება.

როგორც დეკანოზი აცხადებს, ქართული ეკლესია არ არის ნარკომომხმარებლისთვის პატიმრობის მისჯის მომხრე, მაგრამ მიაჩნიათ, რომ უნდა დაწესდეს მაღალი ფულადი სანქციები.

მსგავსი თემები