30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდნილი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში, 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა, თბილისში, იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს თავის ტრავმა აქვს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ. ბ. 29 ივლისს, კლდიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინების მიღებისთანავე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს და დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

მსგავსი თემები