იწყება ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება  1 მილიონ ლარამდეა. ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერი  ლალი დურმიშიძე გაეცნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს.

მსგავსი თემები