“შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს ყველაზე დაძაბული, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პიკი აპრილის ბოლოსთვის იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

„რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ტენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე მომდევნო ორ კვირას კრიტიკულად მიიჩნევს და მოსახლეობას პრევენციის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“ – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხბეა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ცერცვაძე ორი კვირით მის გახანგრძლივებაზე საუბრობს.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დანაკარგი იქნება საქართველოში პიკის დროს, რა რაოდენობის ავადმყოფები გვეყოლება და რა რაოდენობის გარდაცვლილები.

„ახლა ეს პროპორცია, შედარება საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, მკვეთრად საქართველოს სასარგებლოდაა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი, ასეთი პროპორცია შევინარჩუნოთ. ამას ვიმედოვნებ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით,  ჯერჯერობით პირი არ უჩანს, რომ მსოფლიოში ეპიდემია დაღმავალი გზით წავიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში, საფრანგეთში ან ინგლისში ინფიცირებულების, ან სიკვდილიანობის რაოდენობის კლების შესახებ ცნობები ჩნდება, მეორე დღეს ქვეყნდება ინფორმაცია კვლავ მომატების შესახებ. ანუ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეპიდემია უკან იხევს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პიკი დაახლოებით ორ კვირაში იქნება, შემდეგ პლატო გაგრძელდება დაახლოებით სამი კვირა და შემდეგ, ეპიდემია მაინც დაღმავალი ტალღით წავა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები