მაჟორიტარი დაჩი ბერაია საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელს მხარს დაუჭერს

“მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს სამივე მოსმენაზე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზეც” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ შეთანხმებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებულ პროექტში პრობლემური აღარ არის ის საკითხები, რის გამოც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

“სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი – რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული – რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40- 42- 43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს.

ამ კანონპროექტით ნაკლები შანსია იმის, რომ კოალიციური მთავრობა დასჭირდეს საქართველოს და მემარჯვენე და მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა ერთად დაიწყონ მთავრობის დაკომპლექტება, ამ მოცემულობით ამის ნაკლები შანსია, ვიდრე სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა,“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

შეგახსენებთ, დაჩი ბერაია ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირდა.

მსგავსი თემები