ბოლო ერთ თვეში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 520 ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში – 46-46, შიდა ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 11, გურიაში კი – 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.

“ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა” – განაცხადეს უწყებაში.

მსგავსი თემები