“გვერდზე გავდგები, როცა ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან” – ბიძინა ივანიშვილი

„თბილისის არეულობა ქართველი მილიონერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“, – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ანალიტიკურ სტატიაში საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

“ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული. გვერდზე მაშინ გავდგები, როცა ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. ჩვენ რომ გვქონდეს არჩევანი “ქართულ ოცნებასა” და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში, ვერც პარლამენტში. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი,” – აღნიშნავს ივანიშვილი ინტერვიუში.

როგორც ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, ერჩივნა პოლიტიკოსის ნაცვლად მებაღე ყოფილიყო.

ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის დათესვით პრობლემა არ მოგვარდება.

“სიგიჟეა, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა, მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, სიძულვილის ენას დავთესავთ და ერთმანეთის გინებას დავიწყებთ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არასოდეს მოგვარდება,” – აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.

ივანიშვილის პასუხად სტატიაში მოყვანილია ენმ-ის წევრის, პარლამენტარი სალომე სამადაშვილის კომენტარი: „ის ცხადად ამჟღავნებს მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს. სჯერა, რომ უფლება აქვს, გადაწყვიტოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში, არამედ ოპოზიციაშიც“.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარიც: “ივანიშვილი ფიქრობს, რომ მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ – არა – ესაა დიქტატორის ტიპური მოქმედებაა”.

სტატიის ავტორებმა, ჰუგო მილერმა და ჰელენა ბედველმა, ივანიშვილთან ინტერვიუ 8 ნოემბერს ჩაწერეს მის მშობლიურ იმერეთში, საჩხერის სოფელ ჭორვილაში.

მსგავსი თემები