“ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს, ჩაფხუტს ამხობდნენ და მერე წესრიგს ითხოვდნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის პროტესტს ფარსს და მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს სხვა პერსპექტივა არ გააჩნიათ.

“თუ მათ სურთ, რომ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს , ჩაფხუტს ამხობდნენ და თან გამოდიოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს ითხოვდნენ. ეს არის ფარსი, მიუღებელი, ეს არის მათი პოზა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ,” – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, სამართლებრივ ქვეყანაში არავის უნდა უკვირდეს თუ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.

“სამართლებრივ ქვეყანაში არ უნდა უკვირდეთ, ყველას ვალდებულებაა, რომ დაიცვან სამართლებრივი წესრიგი, დაიცვან კანონი. ვინც უნდა აღასრულოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ქმედება, ისინი არიან ვალდებულები რომ ეს გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც აღმოჩნდებიან კანონდამრღვევები,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით,  ვინც კანონს დაარღვევს შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და აქ შერჩევით სამართალზე საუბარი არაა.

მსგავსი თემები