“ჩვენ ამ წელს მივიღეთ სერიოზული შედეგი, ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს”- სალომე ზურაბიშვილი

„სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა თუ არსებული პოლარიზაციისა, მაინც შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  ქართველი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა თავის მიმართვაში აღნიშნა, მიმდინარე წელი სერიოზული შედეგებით გამოირჩევა.

„დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ერთად უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატებები. ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რომელიც მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს, გადავცეთ მათ სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის დაფასებას, ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას. თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა გავუტოლდეთ, თუ კი შემართებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული, დაუღალავი შრომითა და ერთობით ვიქნებით.

ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი. ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში და პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში, ჩვენ ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები