„ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ“ – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ვერავის აპატიებს ლაშას ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“.

„რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ, ბევრი ისეთი ადამიანი გადავიდა “დაუკრეფავში”, ვინც წესით მე პატივს მცემს და მითვალისწინებს…. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი გეზიზღებოდეს პოლიტიკური შეხედულების გამო… არ აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიციონერია, პარტიულია თუ ვინაა…

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ ჩემს ფბ მეგობრებს, ვის პოსტებსაც უშუალოდ მე ვხედავ… არ მინდა სათითაოდ შემოვიდე საუბარში ან საჯარო კამათში და გაწყენინოთ… ყველამ ძალიან კარგად იცით, რას ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში ლაშა ტალახაძე! არ დავიწყებ არანაირ დამატებით ახსნას…

სწორედ ამიტომ, ყველანაირ კრიტიკას თუ გულისტკივილს, ზრდილობის და წესიერების ფარგლებში, თქვენი პოლიტიკური თუ ქომაგური გადმოსახედიდან გამომდინარე, ვკითხულობ და რეაქცია არ მაქვს… (ჩემთვის გასაგებია, რომ გული გწყდებათ მის გადაწყვეტილებაზე) .

რაც შეეხება დამცინავ პოსტებს, ლაშას პირად ან მის ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ, ამიტომ, ან თავი შეიკავეთ და წესიერების ფარგლებში წერეთ, ან სანამ დრო გაქვთ, თქვენი ხელით წამშალეთ აქედან და ცხოვრებიდანაც! მადლობა!“, – წერს ჭინჭარაული.

ცნობისთვის, ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ამ გადაწყვეტილების გამო ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა.

მსგავსი თემები