,,რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება” – გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი, თამაშის მასპინძელ მიხეილ მესხზე ივარჯიშებს.

მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

„ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად“, – აღნიშნა კაშიამ.

ცნობისთვის, სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

მსგავსი თემები