გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით.

,,მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს.

ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.

შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა”, – წერია სასამართლოს მოსაზრებაში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა და არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაწესებით შესაძლოა, გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი შეიქმნას ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს მათი შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა.

მსგავსი თემები