ცნობილია, სად დაკრძალავენ მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მღვდელ თეიმურაზ ქორიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს:

,,მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) კურთხევით, 2024 წლის 22 აგვისტოს, დილით თბილისიდან გადაასვენებენ საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. საგარეჯო, ბარათაშვილის ქ. N 23). შაბათს, 2024 წლის 24 აგვისტოს, წირვის შემდეგ შედგება წესის აგება და 14:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.

,,მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.

მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თეიმურაზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო დასს, მრევლს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები