აშშ-ის კონგრესი ბაიდენს საიმპიჩმენტო დანაშაულების ჩადენას ედავება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმპიჩმენტო დანაშაულები ჩაიდინა.

დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და საბიუჯეტო კომიტეტები. დასკვნაზე „რესპუბლიკური“ პარტიის კანონმდებლები მუშაობდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენი საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და „საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო შეერთებულ შტატებს ატყუებდა“.

„კომიტეტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, – ნათქვამია 292-გვერდიან დოკუმენტში.

დასკვნაზე მომუშავე კონგრესმენების თქმით, ბაიდენის ოჯახმა და მათმა საქმიანმა პარტნიორებმა უცხოური კომპანიებისგან ათეულობით მილიონი დოლარი მიიღეს. ბაიდენის ოჯახი უცხოელებს არწმუნებდა, რომ ისინი ბაიდენთან დაახლოებას და მასზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებდნენ. ამრიგად, ბაიდენის ოჯახმა 2014 წლიდან დღემდე შემოსავლის სახით 27 მილიონი დოლარი მიიღო.

ასევე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაიდენის ოჯახმა „დემოკრატიული“ პარტიის ბენეფიციარების მეშვეობით 8 მილიონი დოლარის კრედიტების აღება შეძლო. კრედიტების ნაწილი გადაუხდელია, ხოლო ნაწილის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს.

დასკვნაში აგრეთვე 2014 წლის ვახშმის ეპიზოდია მოყვანილი, როცა ჯო ბაიდენი მისი შვილის ჰანთერის მიწვევით ვახშამს დაესწრო, სადაც აგრეთვე რუსი ოლიგარქი ელენა ბატურინაც იმყოფებოდა. ვახშმის დასრულების შემდეგ ბატურინამ 3,5 მილიონი დოლარი ჰანთერ ბაიდენის კომპანიას Rusemont Seneca Thornton-ს გადაურიცხა.

მსგავსი თემები