ბრალდება წარუდგინეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს, რომლებიც უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ

ბრალდება წარუდგინეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს, რომლებიც უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

,,საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებს მათზე ყიდდნენ, რეალურად კი, ბრალდებულებს აღნიშნული ბინები სხვა პირებზე უკვე გაყიდული ჰქონდათ.

გარდა ამისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საცხოვრებელი კორპუსის მე-10 და მე-11 სართულებზე არსებულ ბინებს ყიდდნენ, მაშინ როცა მხოლოდ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ მოპოვებული. ამ გზით ბრალდებულები 8 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 466 491 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ”, – წერს პროკურატურა.

მსგავსი თემები