„აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო! ჩვენ ერთ მთვარესა და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით” – დაღუპული ალპინისტის და

მწვერვალ შხელდაზე დაღუპული ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის და, რუსკა ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

,,აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ, 5:00 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების დეტალები დაზუსტდება და შეგატყობინებთ.

რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რომელიც სვანეთში მისი ძებნისა და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს, რომ ეპოვნათ.

ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი მხარე) წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა, თუ ნაადრევად წასვლა ეწერა. მთლიანად შხელდის ტრავერსი იყო ხალისით და სიცილით სავსე, ბოლო ზარი იყო ბედნიერი. ბოლო წუთებში იყო თავის ბიჭებთან ერთად, რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყველაზე დიდი შვება მისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც არის ის, რომ მისი სამი ჯილა ცოცხალი დავიბრუნეთ, თუმცა ასე დაღდასმულები.

ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვეს (მათ სახელებსაც დავწერ შემდეგ) და დააბრუნეს.

არც წარმომიდგენია, როგორი იყო გიო ნიგურიანისა და ბესო ხერგიანისთვის აჩისთვის სამაშველოს დაგეგმვა და მოწყობა, როცა ერთ ოჯახად უცხოვრიათ.

ახლა ძალიან ბევრი ადამიანის სახელს უნდა ვწერდე და აუცილებლად დავწერ, მაგრამ იქამდე:

ჰე, გიო… ბაქარ, თემო! მე მაინც ხო ვიცი, რა ელდით და რა გულით, რა სიჩქარით ეძებდით თქვენს ბიჭს. გისამძიმრებთ.

და, აქვე, აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო!

ჩვენ ერთ მთვარესა და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.

ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!

ფოტო: იმდღეს. 1 აგვისტო, ორნი თეთნულდზე”, – წერს რუსკა ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები