,,ვერ მოუძებნეს ფუნქცია პარლამენტის ყოფილ შენობას, უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

მისი თქმით, მთავრობამ ფუნქცია ვერ მოუძებნა ვერც ამ შენობას და თუ უფრო დიდ მასშტაბში შევხედავთ სიტუაციას, ,,უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!”

,,დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ – ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში.

ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება, ჩვენი მიგრანტების დამსახურებაა, რადგან მათ მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხული 3 მილიარდ დოლარზე მეტი, სხვადასხვა დროს, ჩვენი მშპ-ს 14%-დან 17 %-მდე შეადგენს. ნორმალური მთავრობის პირობებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ესეც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხელსუფლების აბსოლუტური უუნარობისა ქვეყნის და პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მათ ვერ მოუძებნეს ფუნქცია საქართველოს გულში აშენებულ უმშვენიერეს შენობას და ვითარება უფრო დიდ მასშტაბში რომ დავინახოთ, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ – უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!

რატომ ?! – ერთადერთი მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო. ჩვენს ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენს ხელისუფლებას კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!”, – წერს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები