ანაკლიის განვითარების კონსორციუმი რატი ბრეგაძეს და ლევან დავითაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

„მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის „ – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 30 ივლისის განცხადებაში წერია. განცხადება საზოგადოებას იურისტმა ქეთი ქვარცხავამ გააცნო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ICC-ის გადაწყვეტილებით. მთავრობის დიდი ხნის კამპანია ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტისა და ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია, თუმცა, ADC-ის მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ამ ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა, მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისაღები შემოსავალი, რითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ“- ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმში ამბობენ, რომ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება ხელისუფლების გამარჯვებას არ ნიშნავს.

„ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება, გამარჯვებულად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება არ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან და ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის. სამწუხაროდ, მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სინამდვილეში, ეს იყო მწვავე დავა, რომელიც გადაწყდა „ორი არბიტრი ერთის წინააღმდეგ“ და ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ADC-ის მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრა და გააჩინა ლეგიტიმური კითხვები რეალური სურათის აღსაქმელად“- აცხადებენ კონსორციუმში.

 

მსგავსი თემები