ამერიკელი სენატორი უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს

ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას, ანალიტიკური ფორუმი Just Security აქვეყნებს. როგორც სტატიაში აღნიშნული, დემოკრატიული პარტიის წევრი სენატორისთვის, ბობ მენენდესისთვის 16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმა იყო აშშ-ის კონგრესში მისი 30-წლიანი კარიერისთვის. მენენდესმა მიანიშნა, რომ სენატიდან წასვლას გეგმავს.

სტატიის ავტორი ადამ კლასფელდი წერს, რომ, პოლიტიკური შედეგების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრალდების მე-14 და მე-15 პუნქტებს, რომელთა თანახმადაც, მენენდესს ბრალი ედება ეგვიპტის მთავრობის აგენტად მოქმედებისთვის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერის პოზიციის გამოყენებაში.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც სენატორს გასული წლის სექტემბერში პირველად წარუდგინეს ბრალი, უცხოური აგენტად მოქმედების ბრალდება არ იყო ნახსენები. მხოლოდ მოგვიანებით, მიმდინარე წლის მარტში პროკურორებმა წარადგინეს მეოთხე ბრალდება, რომლის თანახმადაც, მენენდესი აშშ-ის ტერიტორიაზე პოლიტიკური საქმიანობის საშუალებით მოქმედებდა როგორც ეგვიპტის მთავრობისა და ეგვიპტელი მაღალჩინოსნების აგენტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უცხოურ გავლენას ქვეყანაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონით (FARA) არეგულირებს, რომელიც კონგრესმა მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღო ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ. ასევე, ლობისტურ საქმიანობას 1995 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. კანონი, რომლის მე-14 და მე-15 პუნქტების დარღვევაშიც მენენდესი დამნაშავედ ცნეს, უკრძალავს საჯარო თანამდებობის პირებს უცხოურ აგენტად ან ლობისტად მოქმედებას.

ყოფილი ფედერალური პროკურორი ბრენდონ ვან გრეკი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეები არ შეიძლება, იყვნენ უცხოური აგენტები.

„ტექნიკურად, ეს FARA-ს ჩარჩოებს სცდება, რადგან მთელი არსი ის გახლავთ, რომ თქვენ ვერც დარეგისტრირდებით, რადგან ამის გაკეთების უფლება არ გაქვთ“, – ამბობს ვან გრეკი.

 

მსგავსი თემები